ქობულია ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა, გადაწყდა ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილით– გოცირიძე


     „ბატონი ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად მოდიოდა," - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

     დეპუტატისთვის ქობულიას გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც რომან გოცირიძე ამბობს, მინისტრმა ბევრი არასერიოზული განცხადება გააკეთა.

     „ეს იყო მოსალოდნელი. ამ მთავრობის პირობებში, სადაც ეკონომიკის პოლიტიკას ქმნის ერთი ადამიანი და არა სამინისტროები, რეალურად, ის იყო განწირული და კრახით დამთავრდებოდა მისი საქმიანობა, მან ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებაც გააკეთა," - ამბობს გოცირიძე.

     რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა მიიღო რეალურად ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება და არა პრემიერმა. მისივე განცხადებით, ქობულიამ თავდაპირველად უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე დაკავშირებით, თუმცა ბოლოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო.

     „დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას," - აცხადებს რომან გოცირიძე.

     რომან გოცირიძის განცხადებითვე, გიორგი ქობულია ბიძინა ივანიშვილის დავალებებს სრულად არ ასრულებდა და მისი გადაყენების მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ფაქტი გახდა. 

     „ასევე ჟონავს ხოლმე ინფორმაციები, რომ ქობულია ყველა დავალებას არ ასრულებდა და ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა. გადაწყდა რომ ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილი, ყველაფრის შემსრულებელი ადამიანით," - განაცხადა გოცირიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/131196