„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის დაბრუნება"– ,,რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები


     „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

     ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა. როგორც დვალი და ხალვაში ამბობენ, მათი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებრივი გზით მოხდეს და არა კულუარული გარიგებით.

     მათივე განმარტებით, ისინი შეხვედრას იწყებენ მესამე სექტორთან, რათა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.

     „ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.

     ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა" დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია",- ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

     „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას 25 ივლისს შეხვდნენ. 

     18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

     კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

     ამ ამბიდან მალევე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეა და ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

     ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დანებებას არ აპირებენ ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია, რომლებმაც 27 ივლისს განცხადება გაავრცელეს. 

     ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი კომპანიის „ტვ საქართველოს" 50%-იანი წილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა. წილების გასხვისებამდე „ტელეკომპანია საქართველოს" 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.a
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно