მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს - გახარია


     საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, საელჩოებისა და საკონსულოების საშუალებით  სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა.

     როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს.

     გიორგი გახარიას თქმით, ქართული მხარე პროცესს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყურადღებით აკვირდება.

     "ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.

     რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ჩვენ უახლოეს კავშირზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში.

     გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის მჭიდრო კავშირშია თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რომ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно