,,არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან თვე ნახევარი გავიდა, დამნაშავეები დასჯილი არ არიან"– ადამიანის უფლებათა ცენტრი


      არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგამოძიებო ორგანოებისგან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების გამოაშკარავებას და დასჯას ითხოვს. ამის შესახებ ცენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
 
      ,,არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან თვენახევარზე მეტი გავიდა. დამნაშავეები დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეთა გამოაშკარავებას და დასჯას.

     ამ დროისათვის ოჯახს არა აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. დაზარალებული მხარისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის კვალიფიციურად წარმართვა და ობიექტური დასკვნა, ვინაიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც შესაძლოა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდეს.

     ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში.

     არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ განუკითხაობასა და დაუსჯელობაზე, რაზეც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება.

     ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ამ მიმართულებით, რას გეგმავს ხელისუფლება.

     არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს. ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად"- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно