ხმაურზე შეზღუდვები საქართველოში მოქმედი უცხოური ავიაკომპანიებისთვისაც ამოქმედდება


     საქართველოში მოქმედი უცხოური ავიაკომპანიებისთვის ხმაურზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება და მასთან დაკავშირებით შესაბამისი მოთხოვნების დადგენა.

    ბრძანების ამოქმედებით, რომლის პროექტი დღეს გამოქვეყნდა, საქართველო მოახდენს ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციის სრულად დანერგვას.

     „ევროპული რეგულაციით დადგენილი ხმაურის მოთხოვნები ნაწილობრივ დანერგილია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. კერძოდ, 2013 წლიდან, საქართველოში იკრძალება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რომელთა ხმაურის დონე შეესაბამება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ" ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნებს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება", – აღნიშნავენ სააგენტოში.

     მაგალითისთვის, წესის მოქმედება გავრცელდება, Ilyushin IL-76 ტიპის იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთა ხმაურის სერტიფიკატი გაცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ" კონვენციის მე-16 დანართის II ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად.

     უწყების განმარტებით, წესის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება და ის არ გავრცელდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო საჰაერო ხომალდზე; საჰაერო ხომალდზე, რომლითაც ხორციელდება ფრენა ჰუმანიტარული მიზნით; საჰაერო ხომალდზე, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენა და ა.შ.); საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც ახორციელებენ არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნებით (სარემონტო სამუშაოების განხორციელება, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილება და ა.შ.).
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно