ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს


     ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა. 

     ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.

     პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებაზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს. 

     განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მზარდი სავაჭრო დინამიკა - კერძოდ, ის ფაქტი, რომ 2017 წლის განმავლობაში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და ჯამში 647 მილიონი დოლარი შეადგინა. 
ასევე, ხაზი გაესვა ინვესტიციების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციას, რაც ევროპიდან ინვესტიციების 6%-იან ზრდაში გამოიხატა და 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 445 მილიონ დოლარს მიაღწია. 

     მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არებული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

     შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно