გაითვალისწინებს თუ არა ევროსაბჭო ქართული ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ - სტრასბურგში, დაახლოებით ორ საათში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება. ოპოზიციამ წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა, თუმცა საკითხი ჯერ ოფიციალურად ინიციირებული არ არის.
ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყნის ღალატად აფასებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, შეძლებს კოლეგებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და მათ დარწმუნებას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ იქნება.
"საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში არის ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები საკუთარი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ ამ ორგანიზაციას, ეფარებიან ამ ინსტიტუტს. ჩვენი დელეგაციაც ჩართული იქნება ამ საუბრებში და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და ორგანიზაციის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური ძალების ექსტრემისტული იდეები," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/304466
