ზღვა და მოცულობითი მასალაა შესასწავლი - თეა წულუკიანი


     2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ პირველ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო.

    კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში 10 წევრია. ჯგუფში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია გახარიას გუნდის წევრებისთვის.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კომისიის ფარგლებში, მოცულობითი მასალა არის შესასწავლი და სავარაუდოდ, ყველა საქმეს ყველა მიმართულებით კომისია ვერ გაწვდება.

    "მე არ მახსენდება, ასეთი ზღვა და მოცულობითი მასალა იყოს შესასწავლი. ყველა მიმართულებით ყველა საქმეს ჩვენ ალბათ ვერ გავწვდებით, მაგრამ მიმართულებებს იმდენად კი გავწვდებით, რომ ჩვენს დასკვნაში იყოს ყველა მიმართულება. არის ეს ციხეების, სასამართლოს მიმართულება და ზოგადად სისხლის სამართლებრივი ბლოკი, ქონებები, რომლებიც სისხლის სამართალთანაც იყო კავშირში, ვიცით ცნობილი "გვირაბის ამბავი" იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის, სამოქალაქო მიმართულება, ადმინისტრაციული, საჯარო მოხელეების მიმართულება ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა, ასევე არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც აღარ ისმის ეს თემა ასე ხშირად, იმიტომ, რომ როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ, ესეც საინტერესო შესასწავლი იქნება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი.