უკვე მერამდენედ, გერმანიის ელჩი, თავის კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ცდილობს სასამართლო საქმიანობაში ჩარევას - ლევან მახაშვილი


     პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩი პირველად არ ცდილობს საქართველოს სასამართლო საქმიანობაში ჩარევას.

     მახაშვილის განმარტებით, პიტერ ფიშერი სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რადიკალური ჯგუფების ქმედებები წაახალისოს, რაც გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს სცდება.

     "უკვე მერამდენედ, ეს ადამიანი, თავის კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ცდილობს სასამართლო საქმიანობაში ჩარევას, მათ შორის, საგამოძიებო უწყებებში ჩარევას და მითითებას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კონკრეტულად, რა მსჯავრი უნდა გამოიტანონ, რა ვადით და ა.შ. ძალიან მარტივ რაღაცას ვიმეორებ, თუ უნდათ, რომ თავის კოლეგას, პარტნიორს რამე ურჩიონ, საკუთარი საუკეთესო მაგალითით მისცენ მაგალითი სხვა ქვეყანას. გერმანიის კონსტიტუციაში წერია, რომ უპირველესი პრინციპი არის ადამიანის ღირსების პატივისცემა. რანაირად მოდის ადამიანის ღირსების პატივისცემასთან გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მისი ელჩი, პირდაპირ მონას დაძახების წახალისებას უწყობს ხელს სხვადასხვა ფორმით. ზოგან ფიზიკურად მისვლით, ამ ჯგუფების მხარდაჭერით და ა.შ. ეს არის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპი, რომ ადამიანის ღირსების აყრა იყოს მხარდაჭერილი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.