"ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები, მეშვიდე აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ," – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას.
მისი შეფასებით, ეს არის "ქართველი ხალხის შანტაჟი" იმის გამო, რომ ხელისუფლებაში "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არ დააბრუნა.
"ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება უბრალოდ სირცხვილია. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისთვის, რომ 2004-2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც სჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა – ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს სწორედ იმავე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სამარცხვინო ენით საუბრობენ და სამარცხვინო რეზოლუციებს იღებენ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
