„ნაცმოძრაობის“ გაუქმებით დამთავრდება დიქტატურა ოპოზიციურ სპექტრში და პარტიებს საშუალება მიეცემათ, ჯანსაღი პარტიებით შეივსონ - გურამ მაჭარაშვილი


     „ნაცმოძრაობა“ ლიკვიდაციის პროცესშია და ამას თავადაც აღიარებენ. შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე „ნაცმოძრაობამ“ თვითლიკვიდაციაც გამოაცხადოს, ისე მიდიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

     მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ ჭაობშია.

     „პოლიტიკური პარტიაზე, რომელსაც უკვე საჯაროდ ბრალი ედება, რომ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნისას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობდა, უამრავი საჯარო მტკიცებულებები არსებობს, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის დასკვნები და შემდგომში, დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გადაწყვეტილება. „ნაცმოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ ჭაობშია. ჭაობის პრინციპი კარგად ვიცით, რაც უფრო აქტიურობ, მით უფრო სწრაფად იძირები. ახლა „ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი მიდის. რაც უფრო მეტს იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდება „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია.

     პოლიტიკოსის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლად ითვლება ასეთი ტიპის განცხადებები, მაგრამ თინა ბოკუჩავა არც იმ დონის პოლიტიკოსია და არც მის სიტყვას აქვს ფასი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს. ფორმალურად, ეს ჩვეულებრივი ტიპური ზეწოლაა სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დანარჩენ პარტიებზე „ნაცმოძრაობის“ დიქტატი დამთავრდება, რომლებსაც „ნაცმოძრაობა“ არ აჭაჭანებს ოპოზიციურ ველზე. „ნაცმოძრაობის“ გაუქმებით დამთავრდება დიქტატურა ოპოზიციურ სპექტრში და პარტიებს საშუალება მიეცემათ, ქართული ოპოზიციური სპექტრი ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით შეივსოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

     „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, არ მიიღოს წარმოებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და კიდევ ორი პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი.

     ცნობისთვის, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.



წყარო: 1 tv