საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საავიაციო მემორანდუმი გაფორმდა


     საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

     სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტი ორივე მხარის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერამდე პირდაპირი რეგულარული ფრენები განახორციელონ და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმონ.

     ,,მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საავიაციო სფეროში დადგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება. შეთანხმების პროექტის მიხედვით, შეუზღუდავია დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობა, ტევადობა და სიხშირე. ამასთან, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, თავად განსაზღვრონ ტარიფები, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

    მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ საუდის არაბეთის ავიახაზების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამომავლო თანამშრომლობით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно