,,ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით"- კობახიძე


     „ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გორში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

     ირაკლი კობახიძემ პარტიის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ბევრს არ სჯეროდა, რომ მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლა მოხერხდებოდა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეთა თანადგომით, ეს შესაძლებელი გახდა და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება წარმატებით გრძელდება.

     „ჩვენ მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა ქვეყნის განვითარებაში 2012 წელს. როდესაც 2011 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი და რომ ჩვენ მოვახერხებდით მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლას და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, თუმცა, თითოეული თქვენგანის თანადგომით ეს მიზანი იქნა მიღწეული და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი. და ასევე, თქვენი დამსახურებით, თქვენი თანადგომით, ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის გაგრძელებას ყველა ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვახერხებთ ჩვენი დემოკრატიული სისტემის განმტკიცებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     მისი შეფასებით, გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების" რაციონალურ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე.

     „ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გარდატეხის არის რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე, თავისუფლების განმტკიცება, დემოკრატიის განმტკიცება და ჩვენ ვახერხებთ არა მარტო მიღწეული შედეგის შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო განვითარებას ჩვენი ქვეყნისა ამ მიმართულებით, ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით და მათ შორის, ჩვენს რეგიონში.

     და ასევე, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობის ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენი ქვეყნისთვის და ესეც არის ჩვენი, „ქართული ოცნების" ძალიან კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგი",- მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2 წლის წინ გაცემული დაპირებები პარტიის ცენტრალური აპარატისა და მისი რეგიონული სამსახურის გაძლიერების შესახებ, პირნათლად შესრულდა და შედეგად, პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებული შეხვდა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ისიც, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო.

     „ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სერიოზულად უნდა გაძლიერებულიყო პარტიის ცენტრალური აპარატი, მათ შორის, მისი რეგიონული სამსახური, ამის საფუძველზე უნდა გაძლიერებულიყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციები და ეს იყო დასახული მიზანი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ამის შედეგად, პარტია შეხვდა სათანადოდ მომზადებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასევე, ჩვენ განვაახლეთ პარტიის პოლიტიკური გუნდი. არჩეულ იქნა კონფერენციის შემდეგ პარტიის ახალი თავმჯდომარე და „ქართული ოცნება" წარსდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ასევე, მახსოვს, რომ ჩვენ ამ დარბაზში ვსაუბრობდით მაშინდელ რეალობაზე. მაშინ, მოგეხსენებათ, ჩამოყალიბებული იყო კოალიცია „ქართული ოცნება" და მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „ქართული ოცნებას", პარტიას დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მიზანიც იქნა მიღწეული. ჩვენ დამოუკიდებლად მივიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ესეც გახდა ჩვენი საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი და წინაპირობა. და ამ ყველაფრის შედეგად, კარგად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად, და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, ეს არ იყო იოლი არჩევნები. მაშინ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ წარმოადგენდა საფრთხეს ქართული დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ უნდა გაგვენეიტრალებინა ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს მიზანი არის პირნათლად მიღწეული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

      სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას. მისივე თქმით, ერთად დგომის შედეგად, მოხერხდა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარება.

     „ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ასევე, ჩვენ გამოვიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ წარმატებას. იყო უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტში, გორის მუნიციპალიტეტებში, გახსოვთ თქვენ როგორი რთული ვითარება იყო საკრებულოებში, მერია, გამგეობა და ა.შ. და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე, ჩვენ მოვახერხეთ ამ პრობლემების სათანადოდ გადაჭრა და დღეს უკვე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტი შეფერხებლად ახორციელებს თავის ფუნქციებს და ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო გაცემული გარკვეული დაპირებები, პარტიული დაპირებები წინა კონფერენციაზე და ეს დაპირებები ორი წლისთავზე იქნა პირნათლად შესრულებული და ბუნებრივია, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თითოეული ჩვენგანის ერთად დგომის გარეშე",- აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

      როგორც სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ერთად დგომის საფუძველზე, დამაჯერებელი წარმატება იქნება მიღწეული საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში რეფორმის მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება" საბოლოოს ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
„წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე ამ არჩევნებშიც მივაღწევთ ჩვენ ძალიან დამაჯერებელ წარმატებას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორწლიანი პერიოდი არჩევნების გარეშე, ყოველ წელს გვიწევს ხოლმე არჩევნები, თუმცა გვაქვს ერთი გამონაკლისი წელი, 2019 წელი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ და განვახორციელოთ პარტიული რეფორმის მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც „ქართული ოცნება" უკვე საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში. ჩვენი ქვეყნისა და პარტიის წარმატება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის დამსახურება და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის, ერთგულებისთვის, ერთად დგომისთვის, რის გარეშეც წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არსებული მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

     „მიუხედავად წარმატებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები, ქართული ეკონომიკა საჭიროებას შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას, ჯერ კიდევ მრავალი ოჯახი, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში, ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო სამწუხაროდ, შეუძლებელია ის, რომ ყველა მოქალაქეს შევუქმნათ ჩვენ ღირსეული ცხოვრების პირობები. ასევე, ტერიტორიული მთლიანობა არის ერთ- ერთი ჩვენი უმთავრესი ტკივილი და პრობლემა და უნდა ითქვას ასევე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიღწეული. ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და ამ მიზნების მიღწევას ჭირდება, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული. ბოლოს, ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობები გორთან. 6 თვე მომიწია დაახლოებით გორში ცხოვრებამ და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ულამაზესი ქალაქი ულამაზესი ხალხით და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გორისა და გორელების მიმართ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно