პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული, ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა


     ქართველმა სამართალდამცველებმა ყაზახეთის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება მიმდინარე წლის 24 ივნისს განახორციელეს. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ყაზახეთის ქალაქ ასტანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნებოდა და მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობასა და მკვლელობას გულისხმობს.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ. მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, ბ.ლ.-ს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

     დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.

     აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно