გაერო–ში შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა


     24 მაისს, გაერო-ს შენობაში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

     ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72 სესიის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კრისტიან სონდერსმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

     აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.
  
     ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, მარკის საზეიმო წარდგენის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი „Georgian Overtones”, ამერიკაში მოღვაწე ჯაზ-მუსიკოსის, გიორგი მიქაძის ბენდისა და ანსამბლ „ბასიანის" წევრების მონაწილეობით.
ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, გაერო-ს სამდივნოსა და სხვადასხვა სააგენტოების ხელმძღვანელები, მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно