,,ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი“ – კალაძე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე


     სასტუმრო „ბილტმორში" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტის საჯარო განხილვას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა, გენგეგმის შესახებ პრეზენტაცია კი, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა წარადგინა.

     შეხვედრაზე მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას რიგი საკითხები, მათ შორის, კერძო საკუთრების ცნება არ არის გათვალისწინებული.

     ამასთან, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებს უკავშირდება. ახალ გენერალურ გეგმაში ასევე, მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები და შეცვლილია მათი სტატუსები.

     „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის ინფორმაცია მაქსიმალურად მიგვეწოდებინა. დოკუმენტი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის სწორი განვითარება მასზე უნდა იყოს დაფუძნებული. ის შენიშვნები, რომელიც მერიამ წარმოადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემურია. 45-დღიანი ვადა, რომელიც კომპანია „სითი ინსტიტუტმა" ითხოვა, მივეცით, თუმცა მათი დამოკიდებულება და მიდგომები, კატეგორიულად მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის შეჯერება მოხდეს და ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

     გენერალური გეგმის საჯარო განხილვას კომპანია „სითი ინსტიტუტის", პროფესიული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно