Emaar-ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება


     საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

     ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტითან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ერთად დავესწარი. 

     დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან - დამფუძნებელმა და მმართველმა, დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა. 

     საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც

     ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია. 

მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 

      აღვნიშნე, რომ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია - ცნობილი EMAAR-ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში. 

     ასევე, მადლობა გადავუხადე ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR-ჯგუფს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ალაბარს, პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.