ევროკავშირის მიერ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე გაუგებარს უწოდებს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირი მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია და დაძაბულობა, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობენ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას.
"ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებაში, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, მოუწოდებდეს სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, შემცირდეს დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე არის დაცული", - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია", - ნათქვამია განცხადებაში.