სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის დანთება იყო მთავარი ამოცანა, რისკენაც მოგვიწოდებდნენ - ვოლსკი


     უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. 2022 წლის 25 თებერვალს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა და თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს უკრაინა იქნებოდა. "ქართულ ოცნებაში" დღეს მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო გარე და შიდა აქტორების მწვავე კრიტიკა გაიხსენეს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, თუ რას გადაურჩა ქვეყანა და რა სურდა მაშინ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს.

     "იყო საკმაოდ სერიოზული მზაკვრული ჩანაფიქრი იმისთვის, რათა ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო. აქ არ იყო ლაპარაკი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმისათვის, რათა რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალი მიეყენებინა პატარა ქვეყანას. საპირისპირო სანქციები დაგვიწესდებოდა და სწორედ ეს გამოიწვევდა ეკონომიკური ნგრევის შეუქცევად პროცესს და, რასაკვირველია, ამას სამხედრო დაპირისპირების კონტექსტიც აუცილებლად მოჰყვებოდა.

     აქაც, საქართველოს ფიზიკური დაპირისპირებაზე იყო გათვლა გაკეთებული იმისთვის, რომ როგორმე, სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა ძალა ჩართულიყო და რუსეთი იძულებული გამხდარიყო თავისი სამხედრო ძალების დივერსიფიცირება მოეხდინა და მთავარი მიმართულებით შესუსტებულიყო მისი შეტევა. სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის დანთება იყო მთავარი ამოცანა, რისკენაც მოგვიწოდებდნენ," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/307175