პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის" ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა დააანონსა - 2018 წლის მაისში „საქართველოს ფოსტა" აამოქმედებს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესიც, შეძლებს შეუკვეთოს ან გაყიდოს პროდუქცია და მომსახურება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ხოლო „საქართველოს ფოსტა" მის მიწოდებას უზრუნველყოფს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტრონული კომერცია თანამედროვე სამყაროში ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.
„არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ა.შ. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის „ალიბაბას" ონლაინ მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ელექტრონული კომერცია, ერთი მხრივ, ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია გლობალური მასშტაბით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს აძლევს ფართო და კონკურენტულ არჩევანს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარება შეუძლებელია ფოსტის გამართული მუშაობის გარეშე. „ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის სრულყოფილი ამოქმედება, რომელსაც ამჟამად „საქართველოს ფოსტა" ამუშავებს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.